ნინო ზავრაშვილი სერთიფიცირებული ენდოკრინოლოგია, რომელსაც აქვს ათწლეულზე მეტი გამოცდილება კლინიკურ პრაქტიკაში, აკადემიურ საქმიანობასა და სამეცნიერო კვლევებში. ამჟამად ის იკავებს ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, სადაც დანერგა და უძღვება რეზიდენტურის პროგრამას ენდოკრინოლოგიაში.
ნინო არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი და დოქტორანტი. ნინო ზავრაშვილი სხვადასხვა წლებში იყო მოწვეული კლინიცისტი Mayo Clinic-ში, (მსოფლიოს რეიტინგით #1 ჰოსპიტალი, როჩესტერი, აშშ), სადაც მიიღო ფართე გამოცდილება და მაღალი კომპეტენცია კომპლექსური ენდოკრინული დარღვევების მართვაში.
მან დაამთავრა დავით ტვლდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდეგ კი გაიარა ენდოკრინოლოგიის რეზიდენტურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ნინოს ჩაბარებული აქვს ამერიკის სალიცენზიო გამოცდების (USMLE) სამივე საფეხური, არის ECFMG (აშშ) სერთიფიცირებული, ხოლო ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადეობის (ESE) და ევროკავშირის სამედიცინო სპეციალისთა (UEMS) სერთიფიკატი მიიღო 2019 წელს.
ნინო ზავრაშვილი არის მრავალი საერთაშორისო ენდოკრინოლოგიური საზოგადოების წევრი. ის თანადამფუძნებელია როგორც კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაციის (EndoHub), ასევე საქართველოს კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა ასოციაციის, რომელმაც 2018 წელს უმასპინძლა მეიოს კლინიკის ექსპერტებს ენდოკრინოლოგიაში.
იგი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში, როგორებიცაა The Journal of the Endocrine Society, Lancet Diabetes & Endocrinology, Frontiers in Pediatrics და სხვა.
მისი სამეცნიერო ინტერესებია: თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, ენდოკრინული ჰიპერტენზია, ჰიპოფიზის დაავადებები და მეტაბოლური დარღვევები. ნინო ასევე მონაწილეობს კლინიკურ კვლევებში როგორც მთავარი მკვლევარი და თანამკვლევარი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის Mayo Clinic-ის აკადემიური ჯილდო, წლის ლექტორი (2017, 2018), ზალცბურგის კოლუმბიის სემინარის აკადემიური მიღწევის ჯილდო და ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების გრანტები.
